English / ქართული / русский /
ნინო ჟორჟიკაშვილი
ბაზელ III-ის სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ეფექტიანობის შეფასება საქართველოსთვის

 ანოტაცია. საქართველო მცირე ზომის ქვეყანაა ღია ეკონომიკით და დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტითა და საერთაშორისო ფინანსურ ნაკადებზე მზარდი დამოკიდებულებით, რაც გლობალური ეკონომიკური და ფინანსური ტენდენციების მიმართ მოწყვლადობას განაპირობებს. შესაბამისად, მაღალია საქართველოს ეკონომიკის სენსიტიურობა გლობალური და რეგიონული ეკონომიკური შოკებისა და გლობალური ფინანსური პირობების ცვლილებების მიმართ. გარდა აღნიშნულისა, საბანკო-საფინანსო სექტორი საკმაოდ დიდი წილით არის წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკაში, აქედან გამომდინარე ფინანსური სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ეკონომიკის სტაბილურობისა და მისი ნორმალური ფუნქციონირებისათვის. საქართველოს საბანკო-საფინანსო სექტორი გარკვეული გამოწვევების წინაშე დგას, რაც მოითხოვს კარგად ორგანიზებული, ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული და კოორდინირებული პოლიტიკის განხორციელებას. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბაზელის სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული ინსტრუმენტების პრაქტიკაში დანერგვას, მათი ეფექტიანობის შეფასებას და მონიტორინგის ღონისძიებების განხორციელებას.

საკვანძო სიტყვები: მაკროპრუდენციული პოლიტიკა, ბაზელ III, ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორები, მაკროპრუდენციული ინსტრუმენტები. 

მაკროპრუდენციული პოლიტიკის პრაქტიკაში დანერგვისას, საქართველოს ეროვნული ბანკი ეყრდნობა ბაზელის მეთოდოლოგიას და მის მიერ შემოთავაზებულ კაპიტალის მინიმალურ მოთხოვნებსა და სხვა მაჩვენებელთა მნიშვნელობას. ფინანსური სირთულეებისას კარგად კაპიტალიზებული ბანკები, დიდი ალბათობით, შედეგიანად გააგრძელებენ ოპერირებას ბაზარზე. ასევე ბანკების მიმართ ნდობის კრიზისის პირობებში, სწორედ ბანკების ჯანსაღი ლიკვიდობის პოზიცია და ბუფერები არის მათი სირთულეების  შემამსუბუქებელი. 

    ცხრილი 1

ბაზელ III  კაპიტალის მაჩვენებელთა  გრადაცია

მაჩვენებელი/წელი

2013

2014

2015

2016

2017

2018

2019

2020

კონტრციკლური ბუფერი(CCB)

     

0.625%

1.25%

1.875%

2.50%

2.50%

ლიკვიდობის დაფარვის კოეფიციენტი

   

60%

70%

80%

90%

100%

100%

ძირითადი პირველადი Tier1 კაპიტალისკოეფიციენტი

4.50%

5.50%

6%

6%

6%

6%

6%

6%

ძირითადი კაპიტალის კოეფიციენტი

 

8%

8%

8%

8%

8%

8%

8%

საზედამხედველო კოეფიციენტი (ძირითადი კაპიტალის კოეფიციენტი+კონსერვაციის ბუფერი)

 

8%

8%

8.625%

9.25%

9.875%

10.50%

10.5%

წყარო: BIS working paper,”International Convergence of capital measurements and Capital standards”, 2019:5-7.

შენიშვნა: 2017 წელს მოხდა კონსერვაციის ბუფერის  2.5%-ის ცალკე გამოყოფა, რომელიც აქამდე ინტეგრირებული იყო მინიმალურ მოთხოვნებში. შედეგად, განახლებული კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები შეადგენს 4.5%, 6% და 8%-ს ძირითადი პირველადი კაპიტალის, პირველადი კაპიტალისა და მთლიანი საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნების შესაბამისად. 

Tier 1 Capital[1] - ბანკის ძირითადი  კაპიტალი/რისკის მიხედვით შეწონილი აქტივები.  იგი არის ბანკის მფლობელობაში არსებული  კაპიტალი, რომელიც გამოიყენება ტრანსაქციებისათვის (ინვესტირება, ვაჭრობა, სესხის გაცემა). ბანკის პირველადი კაპიტალი (Tier 1) არის საზედამხედველო კაპიტალის ძირითადი წყარო, რომელიც უნდა შეადგენდეს საზედამხედველო კაპიტალის არანაკლებ 50 პროცენტს [BIS, 2017:6].  ეს კაპიტალი საშუალებას აძლევს ბანკს გაუმკლავდეს ფინანსურ სიძნელეებს, ვინაიდან იგი სარეზერვო კაპიტალს წამოადგენს. პირველადი კაპიტალი შედგება შემდეგი კომპონენ­ტებისაგან: ჩვეულებრივი აქციები გამოსყიდულის გამოკლებით; არაკუმულაციური უვადო პრივილეგირებული აქციები გამოსყიდულის გამოკლებით; აქციების ემისიით მიღებული დამატებითი სახსრები; სარეზერვო ფონდი, რომელიც შექმნილი უნდა იყოს წინა წლების გაუნაწილებელი მოგებიდან; წინა წლების გაუნაწილებელი მოგება (ზარალი). ბაზელ III-ის მიხედვით, ფინანსური ინსტიტუტი რომ ჩაითვალოს კარგად კაპიტალიზებულად, აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობა უნდა იყოს მინიმუმ  6% [BIS, 2017:7]. აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით ბანკის გრადაცია შეიძლება შემდეგნაირად: კარგად კაპიტალიზებული, ადეკვატურად კაპიტალიზებული, არაკაპიტალიზებული, მნიშვნელოვნად არაკაპიტალიზებული, კრიტიკულად არაკაპიტალიზებული.

რაც შეეხება საზედამხედველო კაპიტალს, იგი  არის კაპიტალის სახეობა, რომელიც იქმნება საბანკო საქმიანობის განხორციელებისათვის, მოსალოდნელი და მოულოდნელი ფინანსური დანაკარგების/ზარალის განეიტრალებისა და სხვადასხვა რისკის თავიდან აცილებისათვის. ბანკის საზედამხედველო კაპიტალი შედგება პირველადი და მეორეული კაპიტალისაგან და უდრის პირველადი და მეორეული კაპიტალის ჯამს გამოკლებული საზედამხედველო კაპიტალის დაქვითვები.

უნდა აღინიშნოს, რომ საზედამხედველო კაპიტალის (კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებელი) მინიმალური მნიშვნელობა ბაზელ III-ის მიხედვით არის 10.5% [BIS,2020:1-2]. თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნული მაჩვენებელის მინიმალურ მნიშვნელობას განიხილავს დაახლოებით  12%-იანი ნიშნულის სახით, საქართველოს წინაშე მდგარი ფინანსური გამოწვევების ფონზე, რაც გამოწვეულია საბანკო სექტორის არამდგრადობითა და მაღალი დოლარიზაციით. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რისკის მიხედვით შეწონილი კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტი შესაძლოა სრულყოფილად არ ასახავდეს ბანკების გადახდისუნარიანობას, რამდენადაც რისკის წონები შესაძლოა საზედამხედველო პოლიტიკის მიზნების მიხედვით იცვლებოდეს. ასევე შესაძლოა ყოველი კონკრეტული აქტივისთვის რისკის წონები განსხვავდებოდეს ბანკების მიხედვით,  გამომდინარე მათი შიდა შეფასების სისტემებისა:

 

უნდა აღინიშნოს, რომ საბანკო სისტემა Covid-19 პანდემიით გამოწვეულ რეცესიას კაპიტალის მაღალი დონით შეხვდა. საქართველოში საბანკო სისტემა 2008-2009 წლის კრიზისის შემდეგ სოლიდური მომგებიანობით ხასიათდებოდა, რამაც ბანკებს საშუალება მისცა კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტები გაეზარდათ. უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს დამატებითი კაპიტალის მოთხოვნებს უწესებს, კერძოდ, ერთი მხრივ, ბანკებს მოეთხოვებათ მინიმალური მოთხოვნების დაცვა, ხოლო, მეორე მხრივ, მათ მოეთხოვებათ დამატებით კომბინირებული (კონსერვაციის, სისტემურობისა და კონტრციკლური) და პილარ 2-ის ფარგლებში არსებული (არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის, საკრედიტო პორტფელის კონცენტრაციის რისკის, წმინდა სტრეს-ტესტების და ეროვნული ბანკის მიერ რისკების შეფასების საერთო პროგრამის ფარგლებში დაწესებული წმინდა (GRAPE) ბუფერების დაცვა [სებ,2020:57]. აქედან გამომდინარე, საქართველოს საბანკო სექტორი კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებელს ბაზელ III-ით გათვალისწინებულ ნიშნულზე მაღლა ინარჩუნებს წლების განმავლობაში  (იხ. გრაფ. 1) [Lehmann A., 2019:10].

საბანკო სისტემა Covid-19 პანდემიით გამოწვეულ რეცესიას კაპიტალის მაღალი დონით შეხვდა და 2020 წლის თებერვალში პირველადი კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტებმა შესაბამისად 15.2 % და 20 %  შეადგინა (იხ. გრაფ. 1) [სებ,2020:58]. CEIC[2]-ის შეფასებით, 2020 წლის სექტემბრის მდგომარეობით კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებელი საქართველოსათვის არის 17.7%, რაც ოდნავ ჩამორჩება აგვისტოს თვის მაჩვენებელს (18%). უნდა აღინიშნოს, რომ კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებლის მინიმალური მნიშვნელობა დაფიქსირდა 2008  წლის დეკემბერში   –  13.9%[3]. 

გრაფიკი 1. კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებლები საქართველოს საბანკო სექტორში (ბაზელ III), 2017-2020 წწ. 

 

წყარო: სებ, ფინანსური სტაბილურობის ანგარიში, 2020: 57 

დასკვნა

საქართველოს საბანკო-საფინანსო სექტორი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია და გარკვეული გამოწვევების წინაშე დგას, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა Covid-19-ის პანდემიური სიტუაციიდან შექმნილი გარემოებების გამო. არსებული გამოწვევები მოითხოვს კარგად ორგანიზებული, ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი და კოორდინირებული პოლიტიკის განხორციელებას. ამ მიმართულებით გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მაკროპრუდენციული პოლიტიკის აქტიურად გამოყენებას, შესაბამისი პოლიტიკის ინსტრუმენტების დანერგვას და მორგებას საქართველოს საბანკო-საფინანსო სექტორის რეალობაზე.  საქართველოს ეროვნული ბანკი ბაზელის კომიტეტთან და ფინანსური სტაბილურობის ხელშემწყობ  სხვა ორგანიზაციებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს მაკროპრუდენციული პოლიტიკის მიმართულებით. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება საბანკო-საფინანსო სექტორში არსებული გამოწვევების დაძლევას, მათი შესაძლო უარყოფითი ეფექტების შემსუბუქებას და ფინანსური სექტორის სიჯანსაღეს. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. საქართველოს ეროვნული ბანკი,  ფინანსური სტაბილურობის ანგარიში, 2020:1-5, 57-58.
  2. Basel Committee on Banking Supervision, “What is Minimum Capital Adequacy Ratio Under Basel III”, 2020:1-2.
  3. BIS working paper,”International Convergence of capital measurements and Capital standards”, 2019:5-7.
  4. Basel Committee on Banking Supervision, “Supervisory and bank stress testing: range of practices“, 2017:6-8.
  5. Lehmann, A., in cooperation with ISET, GermanEconomic Team Georgia, “ FinancialSector Monitor Georgia 2019”, 2019:10.


[1]Tier 1 Capital-ბანკის პირველადი კაპიტალი, გაიანგარიშება როგორც ბანკის ძირითადი კაპიტალის შეფარდება რისკის მიხედვით შეწონილ აქტივებთან.

[2]CEIC(Census and Economic Information Center)-დაარსდა 1992 წელს ექსპერტი ეკონომისტების და ანალიტიკოსების მიერ, იგი უზრუნველყოფს ზუსტი მონაცემების წარდგენას ქვეყნის სხვადასხვა ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ

[3]CEIC, “Georgia Capital Adequacy Ratio, 2020, https://www.ceicdata.com/en/indicator/georgia/capital-adequacy